შინდისში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, გმირების მემორიალთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ადგილობირივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა სამშობლოსთვის დაღუპული ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
18 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მე-2 ქვეითი ბრიგადა, საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც, შინდისის რკინიგზის სადგურთან, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა.
შეტაკებისას, ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს მცირე საბრძოლო რესურსი ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენა.
2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
დღეს, 11 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდის - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა.