საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად, ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდის დაწესება იგეგმება
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგიით მთელი რიგი ცვლილებების ამოქმედება იგეგმება, მათ შორის, ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დაწესება.
საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 5 აგვისტოს მიღებული დადგენილებით დაამტკიცა, დაფუძნებულია მთელ რიგ კვლევებზე. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 18%-ზე მეტი 4 წლამდე გამოცდილების მქონე მძღოლების ბრალეულობით ხდება, შესაბამისად, ახალი რეგულაცია ემსახურება ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას.
,,ახალბედა მძღოლები საგზაო მოძრაობის მომეტებულ რისკის წყაროს წარმოადგენენ. ზემოაღნიშნული ფაქტორი რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. პირველ რიგში, მათ აკლიათ პრაქტიკული გამოცდილება, რის გამოც უჭირთ საფრთხის წინასწარ განსაზღვრა და რთულ საგზაო სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. ამასთან, არასაკმარისი გამოცდილება მოიაზრებს მართვის ტექნიკასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც ზრდის სატრანსპორტო საშუალების მართვისას შეცდომების დაშვების ალბათობას. დამატებით, ახალგაზრდულ ასაკთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ფაქტორები - რისკისადმი მეტი ტოლერანტობა, სიჩქარისადმი მიდრეკილება და თანატოლების ზეგავლენა - აძლიერებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ალბათობას. შედეგად, გამოცდილების ნაკლებობისა და ქცევითი თავისებურებების ერთობლიობა ახალბედა მძღოლებს მაღალრისკიან კატეგორიად აქცევს.
ევროკავშირში 2025 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს ახალბედა მძღოლებისთვის მინიმუმ ორწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რომლის განმავლობაშიც მძღოლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები გამოიწვევს მეტად მკაცრ სანქცირებას“, - აღნიშნულია საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში, სადაც გათვალისწინებულია სხვა რეგულაციების ამოქმედებაც.