საქართველოს საპენსიო ფონდმა 31 ივლისის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 758 ათასი ადამიანია. ამ დროისთვის, დაგროვებითი პენსიით კი 34 826-მა პირმა ისარგებლა და მათზე პენსიის სახით 178,197,376.89 ლარი გაიცა.
„ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, - აცხადებენ საქართველოს საპენსიო ფონდში.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ისარგებლოს პირმა დაგროვებითი პენსიით, ფონდის ინფორმაციით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემისას;
საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.