საზოგადოება
09.09.2026 11:21
14 სექტემბრიდან აბიტურიენტებისთვის ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იწყება - ვის აქვს მონაწილეობის უფლება
აბიტურიენტებს, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები“, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

„უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge 11 სექტემბერს გამოქვეყნდება. ვებგვერდზე, ასევე განთავსდება ინფორმაცია სარეგისტრაციო პლატფორმასთან და პროგრამების არჩევასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, 1795 აბიტურიენტს, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა და ვერ გახდა სტუდენტი, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა აქვს.

აღნიშნული გამონაკლისი კი, უმაღლესი განათლების რეფორმის პირველ წელს, აბიტურიენტებისა და საზოგადოებისთვის სიახლის გათვალისწინებით, მხოლოდ წელს იქნება, რომლის ინიციატორიც პრემიერ-მინისტრია.
კვირის ამბები