საზოგადოება
10.09.2026 11:49
სურსათით გამოწვეული ინფექციების რისკის თავიდან ასაცილებლად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს რეკომენდაციებს სთავაზობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ბაქტერიების და მიკროორგანიზმების სწრაფი გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. შესაბამისად, იზრდება სურსათით გამოწვეული ინფექციების რისკი.

რა უნდა ვიცოდეთ, რომ ვიყოთ დაცულები, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბაქტერიების (სალმონელა, ლისტერია, ნაწლავის ჩხირი, კამპილობაქტერია და შიგელა) გავრცელება, - სააგენტო მოქალაქეებს რეკომენდაციებს, მარტივი და მნიშვნელოვანი წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

„თერმული დამუშავება - დარწმუნდით, რომ სურსათი სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვით არის დამუშავებული.
სურსათის შენახვა - ნუ დატოვებთ მალფუჭებად პროდუქტებს და მზა კერძებს ოთახის ტემპერატურაზე.

ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილება - არ გამოიყენოთ ერთი და იგივე საჭრელი დაფა და ინვენტარი უმი ხორცისა და მზა პროდუქტების/ბოსტნეულისთვის.

პირადი ჰიგიენა - დაიბანეთ ხელები სურსათის მომზადებამდე და მომზადების პროცესში.

უვნებელი წყალი და ნედლეული - გამოიყენეთ მხოლოდ სასმელი წყალი და პასტერიზებული რძის პროდუქტები“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.
კვირის ამბები