საზოგადოება
11.09.2026 17:33
1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, შიდა ქართლში თევზჭერის წესების დარღვევის და უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, შიდა ქართლში თევზჭერის წესების დარღვევის და უკანონო თევზჭერის 20 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, თევზჭერის წესების დარღვევის და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტია გამოვლენილი. მათგან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

„უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობა, ჯამში, დაახლოებით 440 კგ.-ს შეადგენს.

რაც შეეხება ფაქტებს, ყველაზე მეტი - 88 ფაქტი გამოვლენილია იმერეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. 82 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 51- სამეგრელო-ზემო სვანეთში, 49 - ქვემო ქართლში, 41 - კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, 34 ფაქტი გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 20 - შიდა ქართლში, 14 - გურიაში, 10 - აჭარაში, 10 ფაქტი კი გამოვლენილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე.

სამართალდარღვევები გამოვლინდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 8 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევის და უკანონო თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს.

ბრაკონიერები, ხშირ შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი. მიმდინარე წლის 8 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 218 ერთეული სახლართი ბადე და 24 ერთეული ელექტროიარაღი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რომ დროულად მოხდეს ბრაკონიერობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
კვირის ამბები