ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონული სისტემა დაინერგება
ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ელექტრონული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება, რაც სახელმწიფო კონტროლს უფრო სწრაფს და ეფექტიანს გახდის, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ახალი სისტემის დანერგვა გააძლიერებს ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლს და ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის უფრო თანამედროვე და ეფექტიანი მექანიზმის შექმნას.
„ხორცი და ხორცპროდუქტები მაღალი რისკის სურსათს განეკუთვნება და მის ეფექტიან კონტროლს ადამიანების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) NAITS პროექტის ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ სისტემას ნერგავს, რაც ხორცისა და ხორცპროდუქტების უვნებლობის და მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
მიკვლევადობა, თავის მხრივ, ნიშნავს შესაძლებლობას, ვიცოდეთ ხორცის წარმომავლობა, რა გზას გადის ის ფერმიდან სუფრამდე, ანუ მარტივდება პროდუქტის წარმოშობის და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
შემუშავებული სისტემა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით“, - აცხდებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.