გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი - „მეგობრობის თასი ბაჩოსთვის“ ჩატარდა.
შეჯიბრი კარალეთის საფეხბურთო კლუბის ორგანიზებით ჩატარდა და 2015-2016 წწ. დაბადებული სპორტსმენებით დაკომპლექტებული ცხრა გუნდი: „თაობა კარალეთი 1“, „თაობა კარალეთი 2“, „ატენი“, „ოქროს ხელები“ (ხიდისთავი), „გორი“, „ქარელი“, „ქორდი“, „ხეობა“ (სამაჩაბლო) და „ზემო ხანდაკი“ (კასპი) მონაწილეობდა. თითოეულ გუნდს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ საკუთარი სურვილით საქველმოქმედო ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა. გარდა ამისა, სტადიონზე განთავსდა სპეციალური შესაწირი ყუთი და ნებისმიერ მსურველს ბაჩოს დასახმარებლად საკუთარი წვლილის შეტანა შეეძლო.
რაც შეეხება გამარჯვებულს, ტურნირის გამარჯვებული ქარელის გუნდი „ქარელი“ გახდა.
„უდიდესი მადლობა თითოეულ გუნდს და მათ მწვრთნელებს, რომლებიც ტურნირში მონაწილეობდნენ და ამ კეთილ საქმეს შეუერთდნენ.
განსაკუთრებული მადლობა ბავშვებს - თქვენმა მონდომებამ, ენერგიამ და მეგობრულმა დამოკიდებულებამ ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა, ასევე მშობლებს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის.
უდიდესი მადლობა ყველა გულშემატკივარს და სტუმარს, ვინც მოვიდა, გვგულშემატკივრობდა და თავისი წვლილი შეიტანა ბაჩოს დასახმარებლად.
ეს არ იყო მხოლოდ ფეხბურთის ტურნირი - ეს იყო ერთობის, მეგობრობის და ერთმანეთის გვერდით დგომის დღე“, - აღნიშნეს ტურნირის ორგანიზატორებმა.