16.09.2026 10:39
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ესტუმრა და ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი მიულოცა
გორის მუნიციპალიტეტის 64 საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი, სააგენტოს თანამშრომლებთან და გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელთან რამაზ შიოშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ესტუმრა.
სტუმრებმა დაწესებულებების თანამშრომლებს და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, ბაღებში არსებული გარემო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ბაღებში შექმნილ პირობებზე, აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს მნიშვნელობაზე, ასევე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხარისხიანად წარმართვაზე.
როგორც „გორის მაცნესთან“ სააგენტოში აღნიშნეს, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში წელს 725 აღსაზრდელი ჩაირიცხა. 15 სექტემბერს, ჯამში, 4224 ბავშვისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო.