საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს.
მინისტრებმა, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ახალი აკადემიური სივრცე რეგიონში მშვიდობის მშენებლობას, დიალოგსა და კონფლიქტების კვლევას დაეთმობა.
ცენტრის მიზანია აკადემიური რესურსების მობილიზება, სამშვიდობო განათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
ცენტრის ბაზაზე დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგების, სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო დისკუსიების ორგანიზება.
ცენტრი სტუდენტებს, მკვლევრებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და საერთაშორისო პარტნიორებს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს“, - ნათქვამია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ესწრებოდნენ.