საზოგადოება
30.09.2026 15:25
„დაცული ტერიტორიები და მათი მნიშვნელობა“ - ბნავისის საჯარო სკოლაში შეხვედრები გაიმართა
„დაცული ტერიტორიები და მათი მნიშვნელობა“ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლაში შეხვედრები გაიმართა.
ღონისძიება პროექტის - „დაცული ბუნება - მდგრადი მომავალი“ ფარგლებში ჩატარდა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ახალგაზრდები რეინჯერის საქმიანობას და ყოველდღიურ სამუშაო პროცესს გაეცნენ, დაათვალიერეს ტექნიკური აღჭურვილობა და ტყეში უსაფრთხოების წესების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. გარდა ამისა, პირველადი გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული სესიაც ჩატარდა და მონაწილეები საგანგებო სიტუაციის დროს პირველადი დახმარების აღმოჩენის და საკუთარი უსაფრთხოების დაცვის შესახებ წესებს გაეცნენ. მულაჟის გამოყენებით ჩატარდა გულ-ფილტვის რეანიმაციის პრაქტიკული სავარჯიშო, ასევე დამწვრობის, ჭრილობის და საკვების გადაცდენის შემთხვევაში პირველადი დახმარების ძირითადი წესები იყო წარმოდგენილი.

„ტრენინგების სერია პროექტის - „მდინარესთან დამეგობრება - ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, DALIA Rivers Revived ინიციატივის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა და გარემოსდაცვით პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა“, - აცხადებენ სააგენტოში.
კვირის ამბები