„ვარდისფერი ოქტომბერი“ - ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. ამ პერიოდში არაერთი კამპანია ხორციელდება, რომ საზოგადოებამ მიიღოს საჭირო ინფორმაცია და ამაღლდეს ცნობიერება ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ - ასე მოიხსენიებენ ოქტომბერს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ორგანიზაციები და სამედიცინო ცენტრები საერთო მიზნისთვის ერთიანდებიან.
მსოფლიოს სტატისტიკური მონაცემებით, ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა ქალებში ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს შორის. თუმცა, საბედნიეროდ, დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის შემთხვევაში, 100 შემთხვევიდან 98 განკურნებით სრულდება.
რაც შეეხება საქართველოს, მოქმედებს უფასო სახელმწიფო პროგრამა „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“, რომლის ფარგლებში 40-70 წლის ქალებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
„ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა ზრდის ეფექტიანი მკურნალობის შესაძლებლობას და ამცირებს დაავადებით გამოწვეული მძიმე შედეგებისა და სიკვდილიანობის რისკს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სკრინინგს, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის მდგომარეობის პროაქტიულ შემოწმებას იმ ადამიანებში, რომლებსაც დაავადების სიმპტომები არ აქვთ, რათა შესაძლებელი გახდეს კიბოს ან საეჭვო ცვლილებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.
მნიშვნელოვანია, რომ მიზნობრივი ასაკის ქალებმა, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც, რეგულარულად ჩაიტარონ სკრინინგი - მიმართონ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს, ან ისარგებლონ ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული გასვლითი სკრინინგ-აქციებით“, - აცხადებენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ სკრინინგის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, 2026 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ქვეყნის მასშტაბით, გასვლითი სკრინინგ-კამპანია დაიწყო და როგორც ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს, სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 218 სკრინინგ-აქცია ჩატარდა და ძუძუს კიბოს სკრინინგი 13 700-ზე მეტმა ქალმა ჩაიტარა.