
საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელთან დაკავშირებით, უფლისციხეში ეთნოფესტივალი ჩატარდება.
კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება 17-18 ოქტომბერს გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობა ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, საგალობლის გუნდებს, ინდივიდუალურ შემსრულებლებს, რეწვის ოსტატებს, ადგილობრივ მეწარმეებს, ეთნოკულინარიის წარმომადგენლებს, მეცნიერებს და მკვლევრებს, ეთნოსპორტის წარმომადგენლებს, ტრადიციული თამაშობების მონაწილეებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შეუძლიათ.
მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და დაინტერესებულ პირებმა განაცხადი ელექტრონულად (forms.gle/qxVhiRQVy8U1z4bg7) უნდა შეავსონ.
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა განვითარების ფონდის ორგანიზებით და გორისა და ატენის ეპარქიის, ასევე გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანაორგანიზებით იმართება. რაც შეეხება მხარდამჭერებს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ხელსაქმის საერთაშორისო ასოციაციაა.
„ორი დღის განმავლობაში უფლისციხე გადაიქცევა ქართული კულტურის და ეროვნული მემკვიდრეობის ცოცხალ სივრცედ.
ჩატარდება სხვადასხვა აქტივობა და მასტერკლასი. გარდა ამისა, გაიმართება გალა-კონცერტი. ღონისძიების მიზანი ქართული სარწმუნოების, კულტურის, ისტორიის, ტრადიციების დაცვა, წარმოჩენა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.