საზოგადოება
08.10.2026 10:24
გორის №3 და №5 საჯარო სკოლებში ხელბურთის აკადემიები გაიხსნა
სასკოლო ხელბურთის განვითარების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, გორის №3 და №5 საჯარო სკოლებში ხელბურთის აკადემიები გაიხსნა.

პროექტს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ბარსელონას აკადემიასთან თანამშრომლობით ახორციელებს და მათი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში აკადემიები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიხსნება, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში.

ფესტივალების ფარგლებში, ახალგაზრდა ხელბურთელები შეირჩევიან, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ „Barça Academy Handball Camp Georgia 2027“-ში, რომელიც 2027 წლის 8-14 იანვარს გაიმართება. ახალგაზრდა მოთამაშეებთან იმუშავებენ ბარსელონას აკადემიის მწვრთნელები, რომლებიც მათ თანამედროვე მეთოდოლოგიით ავარჯიშებენ.

„პროგრამა მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს მწვრთნელების განვითარებასაც - ბარსელონას სპეციალისტები ადგილობრივ მწვრთნელებს გადაამზადებენ, გაუზიარებენ გამოცდილებასა და თანამედროვე სავარჯიშო მეთოდებს, რაც საქართველოში სასკოლო და საბაზისო ხელბურთის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები