9 ოქტომბერი ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო თარიღით და მოვლენით არის გამორჩეული, მათ შორის, ამ დღეს აღინიშნება ფოსტის მსოფლიო დღე და კორეული ანბანის დღე.
1829 წლის 9 ოქტომბერი - პირველად ისტორიაში, მკვლევართა ჯგუფი (იოჰან იაკობ ფრიდრიხ ვილჰელმ პაროტი და ხაჩატურ აბოვიანი) ბიბლიური არარატის მთის მწვერვალზე ავიდა.
1874 წლის 9 ოქტომბერი - შვეიცარიაში, ბერნში, ხელი მოეწერა შეთანხმებას „საყოველთაო საფოსტო კავშირის“ შექმნის შესახებ. სწორედ ამ თარიღის პატივსაცემად დაწესდა ფოსტის მსოფლიო დღე.
1934 წლის 9 ოქტომბერი - მარსელში განხორციელებული თავდასხმისას მოკლეს იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუი ბარტუ.
1936 წლის 9 ოქტომბერი - აშშ-ში მდებარე გრანდიოზულმა ჰუვერის კაშხალმა ლოს-ანჯელესისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო.
1940 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა ლეგენდარული მუსიკოსი, ჯგუფ „The Beatles“-ის წევრი ჯონ ლენონი.
1967 წლის 9 ოქტომბერს ბოლივიაში სიკვდილით დასაჯეს ცნობილი რევოლუციონერი ერნესტო ჩე გევარა.
9 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის მიცვალების დღეს.
1965 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა სოსო ჭედია - თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრებების ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და კაპიტანი.