საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მომდევნო ტურში „ივერიონი - გორი“ „ბლექ ფორტრესს” დაუპირისპირდება
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მომდევნო ტურში „ივერიონი - გორი“ „ბლექ ფორტრესს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა ხვალ, 10 ოქტომბერს ჩატარდება. საკალათბურთო მატჩს თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს და 18:00 საათზე დაიწყება.
როგორც „გორის მაცნესთან“ კლუბის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შეხვედრას განსაკუთრებულ ინტერესს სძენს ის ფაქტი, რომ „ივერიონს“ NBA-ის ჩემპიონის და 8-გზის All-Star-ის მონაწილის დუაიტ ჰოვარდის წინააღმდეგ მოუწევს მოედანზე გასვლა.
„გორი პატარა ქალაქია და ჩვენთვის, მოთამაშეების და გულშემატკივრებისთვის, ეს შეხვედრა განსაკუთრებული მოვლენაა. NBA-ის ლეგენდის დებიუტი სწორედ ჩვენი გუნდის წინააღმდეგ შედგება. დუაიტ ჰოვარდის წინააღმდეგ პარკეტზე გასვლა დიდი გამოცდილებაა, თუმცა მოედანზე მაქსიმალური მობილიზებით გამოვალთ. გორიდან ბევრი მაყურებელი მოდის ჩვენს მხარდასაჭერად და ვეცდებით, ღირსეული თამაში ვაჩვენოთ“, - აღნიშნა „ივერიონი - გორის“ კაპიტანმა ვოვა თავაქარაშვილმა.
მატჩზე დასასწრებად და „ივერიონი-გორის“ მხარდასაჭერად გორიდან თბილისის მიმართულებით გულშემატკივართა წასვლა იგეგმება.