ვანო ჩხიკვაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია
ცნობილი მწერალი ვანო ჩხიკვაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
ავტორს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია ნომინაციაში - „საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის“, გადაეცა.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია თბილისში, მწერალთა სახლში 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს გაიმართა. რაც შეეხება კონკურსს, 58 ავტორი და გამომცემლობა მონაწილეობდა, გამარჯვებული კი სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდა.
„ვანო ჩხიკვაძე ხუთი ათეული წელია ნაყოფიერად მოღვაწეობს საბავშვო მწერლობაში. საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა დროს მწერალს არაერთი ჯილდო აქვს მინიჭებული“, - განაცხადეს მწერალთა სახლში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურულ კონკურსში ვანო ჩხიკვაძის პოეტური კრებული - „სარკის ჩიტი“ იყო წარდგენილი და თანამედროვე ავტორმა ჯილდო ნომინაციაში - „საუკეთესო პოეტური წიგნი“, დაიმსახურა.
ცნობისთვის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია საქართველოს კულტურის სამინისტროს და მწერალთა სახლის ინიციატივით 2017 წელს დაწესებული კონკურსია, რომელსაც 2026 წლიდან მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
კონკურსი ყოველ წელს საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერის, ქართველი ავტორების პოპულარიზაციის და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენის მიზნით იმართება.