
გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ბავშვთა ასაკის ოფთალმოლოგიური ოპერაციები დაიწყო და პირველი ქირურგიული ჩარევა წარმატებით განხორციელდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.
კლინიკის ინფორმაციით, ჰოსპიტალში პირველი ოპერაცია ბავშვთა ასაკის პაციენტებში ექიმმა ოფთალმოლოგმა, ოფთალმოქირურგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ზაზა ხოტენაშვილმა ჩაატარა, ხოლო ასისტირებას ოფთალმოლოგი სალომე ორაგველიძე უწევდა.
„გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი სამედიცინო სერვისების გაფართოებას აგრძელებს.
ახალი მიმართულების ამოქმედება ჰოსპიტალს საშუალებას აძლევს, უახლესი სტანდარტების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური ქირურგიული დახმარება ოპერატიულად აღმოუჩინოს ოფთალმოლოგიური პათოლოგიების მქონე არასრულწლოვან პაციენტებსაც.
ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია როგორც სრული ამბულატორიული ოფთალმოლოგიური მომსახურება, ისე თვალის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა“, - ნათქვამია გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.