საზოგადოება
03.11.2026 12:16
ჩვენი მიზანია, გორის თეატრის, როგორც რეგიონის კულტურული ცხოვრების ცენტრის, აღმასვლა გაგრძელდეს - საქართველოს კულტურის მინისტრი

გორის თეატრში ინფრასტრუქტურის და ტექნიკური მიმართულებით არსებულ საჭიროებებს და შემოქმედებით გეგმებს კულტურის მინისტრი გაეცნო.

მაია ბითაძემ გ.ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე პროცესები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან, გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე ბუზალაძესთან, მინისტრის პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან ერთად მოინახულა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არსებული ვითარება თეატრის დირექტორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ და გენერალურმა მენეჯერმა თამარ თოხაძემ გააცნეს.

გორის თეატრის შენობა უნიკალური კომპლექსია, რომელიც 1939 წლის ბოლოს აშენდა და გამოირჩევა ეროვნული არქიტექტურული მოტივებით, ქართლის ისტორიული ტაძრების - იკორთის, ატენის, სამთავისისა და ყინწვისის ორნამენტიკის გამოყენებით და ტრადიციული მესხური ჭერის ელემენტებით. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და გადაუდებელი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

„ქართული დრამატურგიის ფუძემდებლის, გიორგი ერისთავის სახელის მატარებელი თეატრი ათწლეულების განმავლობაში რეგიონის კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინოს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ქართული თეატრების განახლებული და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, რომლის შედეგადაც უნდა მივიღოთ შემოქმედებითი აღმასვლა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აღიარება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი რეგიონების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში თვითრეალიზაციის და განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. თეატრი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია - სივრცე, სადაც ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება ხდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გასულ თეატრალურ სეზონზე თეატრში ცხრა პრემიერა გაიმართა. მიმდინარე სეზონზე კი ათი ახალი თეატრალური წარმოდგენის განხორციელებაა დაგეგმილი. თეატრი, ასევე აქტიურად მონაწილეობს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.

კვირის ამბები