
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინიციატივით, მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის მომზადება-გადამზადების სესიები გაიმართა.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, სწავლება სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სრული ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა. ინიციატივის მიზანი კი სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებაა.
„ტრენინგები ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომებს, თამაშით სწავლების მეთოდოლოგიას და განახლებული კურიკულუმის დანერგვის საკითხებს მოიცავდა.
სასწავლო პროცესი 28 სექტემბერს დაიწყო და 30 ოქტომბერს დასრულდა. ტრენინგებთან ერთად, პროექტი თითოეულ საბავშვო ბაღში მენტორინგის ვიზიტებსაც ითვალისწინებს, რაც მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.