საზოგადოება
04.11.2026 14:44
საკადასტრო, გეოდეზიური და გეოინფორმაციული მომსახურების გასამარტივებლად იუსტიციის სამინისტრომ ახალი სერვისები დანერგა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ახალ სერვისებს სთავაზობს. დაინტერესებულ პირებს საკადასტრო, გეოდეზიური და გეოინფორმაციული მომსახურების მიღება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში უკვე შეუძლიათ.   

უწყების ინფორმაციით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე „საჯარო რეესტრის ამზომველის“ ინსტიტუტი შეიქმნა, რომელიც უზრუნველყოფს მიწის აზომვის, საკადასტრო მონაცემების სიზუსტის და სანდოობის მაღალ მაჩვენებელს. სააგენტოში დასაქმებული სერტიფიცირებული სპეციალისტები, საკადასტრო საამზომველო სამუშაოებს თანამედროვე ტექნოლოგიების და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეასრულებენ.

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვის, საზღვრების დადგენა-მარკირების, ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოების,  დრონებით აეროგადაღების და სხვა კარტოგრაფიული თუ გეოინფორმაციული მომსახურების პირობების, საფასურის და ვადების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: napr.gov.ge.

კვირის ამბები