
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე საფასურის 50%-ის გადახდისგან გათავისუფლდებიან.
კერძოდ, პირი 50%-იანი შეღავათით ისარგებლებს თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველადი დაშვებისას. თუ თეორიულ გამოცდას პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარებს, შეღავათი, ასევე გავრცელდება პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე - საგამოცდო მოედანზე.
გარდა ამისა, 50%-იანი შეღავათი გათვალისწინებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზეც, თუმცა, ამისთვის აუცილებელია, რომ პირმა თეორიული გამოცდა პირველივე დაშვებისას წარმატებით ჩააბაროს და პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპიც პირველივე ჯერზე წარმატებით გადალახოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, შეღავათით სარგებლობის პირობები და დაშვების რაოდენობა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განისაზღვრება. აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობას დაინტერესებული პირები სააგენტოს ვებგვერდზე: sa.gov.ge შეძლებენ.