საზოგადოება
05.11.2026 11:26
სახელმწიფო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ფინანსურად დაეხმარება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დახმარების  გაწევა, სტუდენტებისთვის კი დაფინანსება გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის 30-ე სხდომაზე იმსჯელეს.  

სხდომის ფარგლებში კომისიის (თავმჯდომარე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაზე, თანათავმჯდომარე - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი) წევრებმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და იმ ღონისძიებებზე იმსჯელეს, რომლებიც აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება. განიხილეს მოსახლეობის მხარდაჭერის მიმდინარე პროგრამები და მიიღეს გადაწყვეტილება ზამთრის სეზონზე გათბობის ხარჯების დასაფარად ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ, ასევე შეჯერდნენ  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2026-2027 სასწავლო წლის დაფინანსების საკითხებზე.

სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის თქმით, საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა, მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება არის ერთგვარი გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება.

„გამყოფ ხაზებთან მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა, რეგიონების მეტი განვითარება, სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად, რისთვისაც უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში ვახორციელებთ ერთიან ძალისხმევას როგორც დარგობრივი სამინისტროების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული ჩართულობით. წელსაც, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები როგორც ზამთრის პერიოდში გათბობის, ასევე სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიმართულებებით“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

კვირის ამბები