სპორტი
09.11.2026 16:46
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა ცხრა საპრიზო ადგილი დაიკავეს

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონის შოთა ლომიძის მემორიალურ ტურნირზე გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, სომხეთიდან ჩამოსული მოჭიდავეებიც ასპარეზობდნენ. რაც შეეხება გორს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის (ხუთი მედალი) და ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის (ოთხი მედალი) სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები თორნიკე დვალიშვილი (45 კგ.), ზურა დოთიაშვილი (55 კგ.) და ზუკა წინამძღვრიშვილი (71 კგ.) გახდნენ. მეორე საპრიზო ადგილი მიხეილ მაყიშვილმა (71 კგ.) დაიკავა. გიორგი სომხიშვილმა (45 კგ.), გიორგი ქარელმა (55 კგ.), დავით ყაყიტაშვილმა (71 კგ.), ერეკლე ქართველიშვილმა (80 კგ.) და ავთანდილ კახნიაშვილმა (110 კგ.) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

შოთა ლომიძის მემორიალური ტურნირი ხაშურის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ჩატარდა.

კვირის ამბები