
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ხარიბეგაშვილი „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით გამართული პროექტის - „გაეროს მოდელირება“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.
გორელი ახალგაზრდა სხვა გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად, სააგენტოს სრული დაფინანსებით საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და გაიღრმაონ ცოდნა ახალგაზრდობის, საერთაშორისო ურთიერთობების და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობის მიმართულებით.
„ვამაყობთ ჩვენი წარმატებული მოსწავლით! ლუკამ წარმატებით გაიარა რეგიონალური ეტაპი, თავი გამოიჩინა ფინალურ მოდელირებაში და იმ რვა გამარჯვებულს შორის დასახელდა, რომლებიც ახალგაზრდობის სააგენტოს სრული დაფინანსებით საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში მიიღებენ მონაწილეობას!
ვულოცავთ ლუკას ამ დიდ წარმატებას, ვუსურვებთ წინსვლას, განვითარებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის ფინალურ ღონისძიებაში რეგიონული ეტაპის შედეგად შერჩეული 88 ახალგაზრდა მონაწილეობდა. აღნიშნული ეტაპი გაეროს სამუშაო შეხვედრების სიმულაციის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნის დელეგატების როლი მოირგეს, საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები განიხილეს და რეზოლუციის პროექტებზე იმუშავეს. ფინალური მოდელირების შედეგად გამოვლინდა რვა გამარჯვებული. რაც შეეხება მიზანს, ახალგაზრდებში გაეროს საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობების და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე მათი სამოქალაქო, ანალიტიკური, საკომუნიკაციო და ლიდერული უნარების განვითარებაა.