საზოგადოება
12.11.2026 13:44
1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, შიდა ქართლში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 37 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, შიდა ქართლში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 37 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ათი თვის განმავლობაში, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 491 ფაქტია გამოვლენილი. მათგან 247 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.   ჯამში კი, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობა დაახლოებით 550 კგ.-ია.

„ბრაკონიერები, ხშირ შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი. რაც შეეხება სტატისტიკას, ყველაზე მეტი - 105 ფაქტი გამოვლენილია იმერეთში. 84 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 64 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 54 - ქვემო ქართლში, 47 - კახეთში, 37 - შიდა ქართლში, 14 - გურიაში, 11 - აჭარაში, ასევე 11 - სამცხე-ჯავახეთში. 48 ფაქტი კი, გამოავლინეს შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 10 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 16 ფაქტი გამოავლინეს.   

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რომ დროულად მოხდეს ბრაკონიერობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კვირის ამბები