
„JA Europe”-ის „წლის მასწავლებლის“ 2026 წლის კონკურსში გორელმა მასწავლებელმა ნინო ლომიძემ მესამე ადგილი დაიკავა.
პედაგოგი ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლაში და კერძო სკოლა „ეისში“ მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და ახალგაზრდებს სამეწარმეო, ფინანსური უნარების განვითარებაში ეხმარება.
საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციით, ნინო ლომიძე პირველი ქართველი მეწარმეობის მასწავლებელია, რომელიც ევროპის მასშტაბით სამ საუკეთესო პედაგოგთა შორის დასახელდა
„საოცარი შეგრძნებაა როცა შრომას, რომელსაც ყოველდღიურად ეწევი, ერთ დღეს ისეთი აღიარება მოჰყვება, რომელიც კიდევ ერთხელ დაგაფიქრებს, რამდენად მნიშვნელოვანი საქმე გიკეთებია.
ამ აღიარებას ჩემთვის განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს, რადგან მხოლოდ მე ვიცი აქამდე რამდენი მცდელობა, იდეა, პროექტი, კონკურსი, მოლოდინი და არაერთი იმედგაცრუება ყოფილა. იყო შემთხვევები, როცა ჩემი შრომის და იდეების დაფასებას ველოდი, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მივიღე და ვფიქრობდი კიდევ მეტი უნდა მეცადა და არასდროს შემიწყვეტია იმის კეთება, რისიც მჯეროდა.
დღეს კი განსაკუთრებული ემოციაა იმის გააზრება, რომ ევროპულმა პროფესიულმა სივრცემ ჩემი შრომა და გამოცდილება დაინახა და დააფასა.
ამ ჯილდოზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გზა, რომელმაც აქამდე მომიყვანა, და ადამიანები, რომლებიც ამ გზის ნაწილი იყვნენ“, - აღნიშნა ნინო ლომიძემ.