საზოგადოება
12.11.2026 16:53
მცენარეთა დაცვის მიმართულებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ISO 9001:2015-ის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტმა ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015-ის სერტიფიკატი მოიპოვა. ამდენად, სააგენტოში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი უკვე დანერგილია საქმიანობის სამივე ძირითადი მიმართულებით - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროებში.

როგორც სააგენტოში განმარტეს, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სერტიფიცირების ორგანომ URS (UNITED REGISTAR OF SYSTEMS), ISO 9001:2015-ის სერტიფიკატები ეტაპობრივად, 2023–2024 წლებში მიანიჭა სააგენტოს სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიის მიმართულებებსაც.

„ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატის მიღება ჩვენი უწყებისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარებაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად ზრუნავს ინსტიტუციურ განვითარებაზე, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და მართვის სისტემების სრულყოფაზე. ჩვენი მიზანია საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა.

ცნობისთვის, ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანი მართვის, პროცესების კონტროლის, რისკების და შესაძლებლობების შეფასების და მუდმივი გაუმჯობესების მოთხოვნებს.

 

კვირის ამბები