
გორის სპორტის სასახლეში ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა.
მსოფლიოს პირველობაზე სპორტსმენები 25 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
80 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონობა გორელმა ზურაბ ჭიღლაძემ მოიპოვა. აბსოლუტურ წონაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია გორელი თამაზ ბიგანაშვილი.
რაც შეეხება პრიზიორებს, 80 კგ.-ში ვერცხლის მედალს უზბეკი სადოლბეკ აბდულრახმანოვი დაეუფლა. ბაგრატ ნინიაშვილი კი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. აბსოლუტურ წონაში გამარჯვებული უზბეკი შერდონ ნაზრიევი გახდა. მესამე საპრიზო ადგილი ტაჯიკმა სპორტსმენმა ნაზიმ ნაზრიევმა დაიკავა.
გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები ფულადი პრიზებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.
„ძალიან ბედნიერი ვარ და ემოციების ვერ გამოვხატავ. გამარჯვებას და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დედაჩემს ვუძღვნი, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. მადლობა თითოელულ გულშემატკივარს“, - აღნიშნა ზურაბ ჭიღლაძემ.
მსოფლიოს ჩემპიონატს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ხუბულური და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, 2018 წელს იუნესკომ ქართულ ჭიდაობას კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში პირველად გასულ წელს გაიმართა.