საზოგადოება
18.11.2026 11:30
„ადრეული დიაგნოსტიკა და მართვა უკეთესი ცხოვრებისთვის“ - 18 ნოემბერი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსოფლიო დღეა

დღეს, 18 ნოემბერს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსოფლიო დღე (ფქოდ-ი) აღინიშნება, რომლის მიზანი ინფორმირებულობის გაზრდა და დაავადების შესახებ ახალი ცოდნისა და ინოვაციური თერაპიული სტრატეგიების გავრცელებაა  მსოფლიოს ქვეყნებში.

ფქოდ-ის მსოფლიო დღე  2002 წლიდან, სხვადასხვა გზავნილით აღინიშნება, 2026  წლის კამპანიის გზავნილია - „ადრეული დიაგნოსტიკა და მართვა უკეთესი ცხოვრებისთვის“.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ფილტვების ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც სასუნთქი გზები ვიწროვდება, ფილტვებში ჰაერის მოძრაობა იზღუდება და სუნთქვა რთულდება. დაავადებისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია ქოშინი, ხანგრძლივი ხველა და დაღლილობა.

„დაავადების განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორებია თამბაქოს მოხმარება და  ჰაერის დაბინძურება. მისი მართვა მოიცავს მედიკამენტურ მკურნალობას და ფილტვის რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ჟანგბადით თერაპიაც.

აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებში უფრო მაღალია რესპირაციული ინფექციების, მათ შორის, გრიპის და პნევმონიის, განვითარების რისკი. ასევე უფრო ხშირია ფილტვის კიბო, გულის დაავადებები, კუნთების სისუსტე, ძვლების მყიფეობა, დეპრესია და შფოთვა.

საქართველოში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო  ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს აფინანსებს, რომლებიც პროგრამის ჩამონათვალშია. ლიმიტის ფარგლებში მედიკამენტების ღირებულება სრულად უფინანსდებათ საპენსიო ასაკის მქონე მოქალაქეებს, ვეტერანებს, სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, ასევე პროგრამით განსაზღვრული შშმ სტატუსის მქონე პირებს“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირებს ურჩევს, შეწყვიტონ თამბაქოს მოწევა და ელექტრონული სიგარეტის გამოყენება. მნიშვნელოვანია თამბაქოს კვამლის და დახურულ სივრცეში შეშის ან სხვა საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლისგან თავის არიდება. ასევე, ჯანმო რეკომენდაციას უწევს ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებას და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყოველწლიურად ჩატარებას.

კვირის ამბები