
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რეგულაციის შესაბამისად, დასახლებულ პუნქტებში, 23:00-დან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
„კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვები ნორმის გადაჭარბება იწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას.
იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია 200 ლარის ოდენობით ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 20 ქულით შემცირება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა ითვალისწინებს 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ქულების 30 ქულით შემცირებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტომობილებს ხმაურსაზომი მოწყობილობებით 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოწმებენ.