საზოგადოება
18.11.2026 16:50
რა შეღავათები მოქმედებს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებისას

საქართველოს კანონმდებლობით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დადგენილებით, მოსახლეობის გარკვეული კატეგორია პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებისას (ან შეცვლისას) საფასურისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდება.

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - My.gov.ge განთავსებული ინფორმაციის თანახმად პირადობის მოწმობის აღებისას შეღავათებით ისარგებლებენ:

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001 - ს, გათავისუფლდებიან სრულად.

დოკუმენტის საფასურს არ გადაიხდიან, ასევე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები და პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით.

რაც შეეხება ნაწილობრივ შეღავათებს, სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან - 10 ლარით.  

სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ის პირები კი, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით  50 %-იან შეღავათს მიიღებენ.

შეგახსენებთ, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის ვადებს და საფასურს: მოქმედი ტარიფებით მე-10 სამუშაო დღეს - 60 ლარი, მე-5 სამუშაო დღეს - 80 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს - 100 ლარი, მე-2 სამუშაო დღეს - 120 ლარია.

კვირის ამბები