საინტერესო ამბები
19.11.2026 15:15
გოჭები ავიაციის უსაფრთხოების სამსახურში - როგორ იცავენ ცხოველები ამსტერდამის აეროპორტს ავარიებისგან
თანამედროვე ავიაციაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა თვითმფრინავების ფრინველებთან შეჯახებაა. დიდი ზომის ფრინველის, მაგალითად, გარეული ბატის ძრავში მოხვედრამ, შესაძლოა, სერიოზული ავარია გამოიწვიოს. ამ პრობლემასთან საბრძოლველად მსოფლიოს აეროპორტები ლაზერებს, სპეციალურ ხმოვან სიგნალებს და რადარებს იყენებენ, თუმცა, ნიდერლანდებში, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში, ტექნოლოგიებს ბუნებრივი დახმარებაც შეუთავსეს.

სხიპჰოლის ორ მთავარ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს შორის მდებარე 2-ჰექტარიან მიწის ნაკვეთზე შაქრის ჭარხალი მოჰყავთ.

მოსავლის აღების შემდეგ მიწაზე დარჩენილი მცენარეული ნარჩენები ათასობით გადამფრენ ფრინველს იზიდავდა, რაც ფრენების უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა, სწორედ ამიტომ, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ფერმიდან აეროპორტის ტერიტორიაზე 20 გოჭი მიიყვანეს.

„გოჭების პატრულმა“ პრობლემა ორი გზით გადაჭრა:
გოჭებმა მიწაზე დარჩენილი შაქრის ჭარხლის ნარჩენები პირწმინდად შეჭამეს, რის გამოც ფრინველებისთვის ამ ტერიტორიაზე დაჯდომას აზრი დაეკარგა.

გარდა იმისა, რომ საკვები გააქრეს, ცნობისმოყვარე გოჭები დასაფრენად მომზადებულ ბატებსაც აქტიურად დასდევდნენ და აფრთხობდნენ.

ექსპერიმენტის მიმდინარეობას სპეციალისტები ფრინველთა რადარით აკვირდებოდნენ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - იმ ნაკვეთზე, სადაც გოჭები ბინადრობდნენ, ფრინველების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ამსტერდამის აეროპორტის მაგალითმა აჩვენა, რომ ზოგჯერ ყველაზე რთული ტექნოლოგიური გამოწვევების გადაჭრა ბუნებასთან თანამშრომლობით ყველაზე მარტივად და ეფექტურად შეიძლება.
კვირის ამბები