საზოგადოება
20.11.2026 11:18
„ჩემი დღე, ჩემი უფლებები, ჩემი მომავალი“ - 20 ნოემბერს მსოფლიო ბავშვთა დღეს აღნიშნავს

დღეს, 20 ნოემბერს მსოფლიო ბავშვთა დღე აღინიშნება, რომლის მიზანი ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და განვითარების ხელშეწყობაა.

ბავშვთა უფლებების დაცვის ისტორიაში 20 ნოემბერი განსაკუთრებული თარიღია - 1959 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბავშვის უფლებათა დეკლარაცია მიიღო, ხოლო 1989 წლის იმავე დღეს - ბავშვის უფლებათა კონვენცია. საქართველო  ბავშვის უფლებათა კონვენციას კი 32 წლის წინ, 1994 წელს შეუერთდა.

„ჩემი დღე, ჩემი უფლებები, ჩემი მომავალი“ - მსოფლიოს ბავშვთა დღე წელს ამ სლოგანით აღინიშნება და ფოკუსირებულია ბავშვების მოსმენაზე, კერძოდ, საზოგადოებას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს, მოუსმინონ ბავშვების გამოცდილებას, სურვილებს და მოსაზრებებს იმ მომავლის შესახებ, რომელშიც მათ სურთ ცხოვრება. ეს დღე ხაზს უსვამს ბავშვების ხმის მოსმენის, მათი განათლების, ჯანმრთელობისა და ინკლუზიური გარემოს შექმნის აუცილებლობას.

რაც შეეხება ბავშვის უფლებათა კონვენციას, კონვენცია ბავშვებს არაერთ მნიშვნელოვან უფლებას ანიჭებს, მათ შორის: სიცოცხლისა და ჯანსაღი განვითარების უფლებას; განათლების მიღების უფლებას; ჯანმრთელობის დაცვის უფლებას; ოჯახურ გარემოში ცხოვრების უფლებას; ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას; დასვენებისა და თამაშის უფლებას; საკუთარი აზრის გამოხატვისა და მოსმენის უფლებას.

კვირის ამბები