
საქართველოში 20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში, ხოლო 21 ნოემბრის დღის ბოლოდან 22 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, 22 ნოემბერს მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს. მაღალმთაში ძლიერი თოვის, ქარბუქის და ხილვადობის გაუარესების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე - საშუალო)“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ, 21 ნოემბერს დღის განმავლობაში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი, 22 ნოებერს დროგამოშვებით იწვიმებს, ხოლო ტემპერატუა 12 გრადუსამდე გათბება.