საზოგადოება
25.11.2026 13:08
რა შეღავათები მოქმედებს ბიომეტრიული პასპორტის აღებისას

საქართველოს კანონმდებლობით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დადგენილებით, მოსახლეობის გარკვეული კატეგორია ბიომეტრიული პასპორტის აღებისას (ან შეცვლისას) საფასურისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდება.

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - My.gov.ge განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბიომეტრიული პასპორტის საფასურის გადახდისას საქართველოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება შემდეგი შეღავათები და დოკუმენტს უფასოდ მიიღებენ:

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეობა (მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი);

ღირებულების 50 % - ის გადაიხდიან:

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები;

იძულებით გადაადგილებული პირები;

მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და

18 წლამდე პირები.

ასევე, სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“ და უკონტაქტო მიკროსქემაზე განთავსებულია ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შესახებ, თავისუფლდებიან მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% -ით.

შეგახსენებთ, საქართველოში მყოფ პირზე პასპორტის გაცემის ვადა და საფასურია: მე-10 სამუშაო დღეს - 150 ლარი, მე-5 სამუშაო დღეს - 180 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს - 225 ლარი, მე-2 სამუშაო დღეს - 300 ლარი.

კვირის ამბები