
მოლოდინს გადააჭარბა პროგრამის მიმართ ინტერესმა. ბევრად მეტი აღმოჩნდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც დროის გათვალისწინებით, ოპტიმალურია სახელმწიფოს შეთავაზება. საბოლოო ჯამში, კომპენსაციის მისაღებად მიმართვა 15 000-ზე მეტმა ოჯახმა გააკეთა, - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამის შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც საცხოვრისის ნაცვლად, ოჯახის თითოეული წევრი 10 000 ლარს მიიღებს.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოჯახები თანხას გაკეთებული განაცხადების თანმიმდევრობის მიხედვით მიიღებენ, თუმცა, პირველ ეტაპზე გადამოწმების პროცედურები მიმდინარეობს და აღნიშნული ადმინისტრაციული პროცესის შემდეგ, კომპენსაციების გაცემა დაიწყება.
„ვფიქრობ, დაახლოებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან უკვე მზად ვიქნებით კომპენსაციების გასაცემად. ჩვენ შევეცდებით, წელს გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, მთლიანად ამოვწუროთ თანხა და დავაკმაყოფილოთ ოჯახები. რაც შეეხება მომდევნო წელს, პროგრამა გაგრძელდება - საბედნიეროდ, მომავალი წლის ბიუჯეტიც იძლევა შესაძლებლობას, შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაკეთებული განაცხადებიდან გამომდინარეობს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.