საინტერსო ამბები
14.05.2020 11:21
ვინ და როდის გამოიგონა ვაქცინა და 8 წლის ბიჭზე ჩატარებული პირველი ცდები
დღესდღეობით, როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის მოლოდინშია, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ადამიანებში ვაქცინების მიმართ ნდობის გაზრდა.
საუკუნეების განმავლობაში, ვაქცინაცია კაცობრიობას დაეხმარა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში, როგორებიცაა წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულოზი, ტეტანუსი და სხვა, თუმცა, ვაქცინის გამოგონების დღიდან, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც დაავადებების წინააღმდეგ ამ მეთოდით ბრძოლას ამა თუ იმ მიზეზით ეწინააღმდეგებოდნენ.
GMnews-ი გთავაზობთ ინფორმაციას, თუ როგორ შეიქმნა პირველი ვაქცინა.
მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელი ექიმი, ედუარდ ჯენერი იყო პირველი, რომელმაც ვაქცინა შექმნა და კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე ძველი და დამანგრეველი ჭირის - ყვავილის საწინააღმდეგო აცრა გააკეთა.
1796 წელს, ჯენერმა იპოვა ახალგაზრდა მერძევე ქალი, სახელად სარა ნელმი, რომელიც ძროხის ყვავილით (ძროხის ყვავილი, ყვავილის შედარებით მსუბუქი ფორმაა) იყო დაავადებული. სარა ნელმის ერთ-ერთი პისტულიდან აღებული მასალით ჯენერმა თავისი მებაღის შვილი, 8 წლის ბიჭი, ჯეიმს ფიპსი აცრა. პაციენტს განუვითარდა მსუბუქი სიცხე, მაგრამ არა ინფექციის სრული ფორმა. ორი თვის შემდეგ კი, ჯენერმა ბიჭს ნამდვილი ყვავილის ვირუსი შეუყვანა, მაგრამ მას დაავადება არ განუვითარდა. ჯენერმა დაასკვნა, რომ ექსპერიმენტი წარმატებული იყო და ახალ პროცედურას ვაქცინაცია დაარქვა. (ლათინური სიტყვის wordvacca-დან, რომელიც ძროხას ნიშნავს.)
ჯენერის აღმოჩენის წარმატების ამბავი ევროპაში მალე გავრცელდა. ნაპოლეონმა, რომელიც იმ პერიოდში ბრიტანეთს ეომებოდა, აცრა ყველა თავისი ჯარისკაცი, ინგლისელი ექიმი მედლით დააჯილდოვა და მისი თხოვნით ორი ტყვეც კი გაათავისუფლა. ნაპოლეონმა თქვა, რომ ის უარს ვერ ეტყოდა კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კეთილისმყოფელს.
ჯენერს ამ გამოგონებით გამდიდრება არ უცდია. მან ააშენა პატარა ერთოთახიანი ქოხი, რომელშიც ღარიბებს უფასოდ უტარებდა ვაქცინაციას. მოგვიანებით, ის მეფე ჯორჯ V-ის პირადი ექიმი გახდა, შემდეგ კი, ქალაქ ბერკლის მერად დანიშნეს. ედუარდ ჯენერი 1823 წლის 26 იანვარს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კვირის ამბები