ასტროლოგია
30.12.2019 12:53
როგორ შევხვდეთ ვირთხის წელს

დამდეგი 2020 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის პირველი ცხოველის - ლითონის თეთრი ვირთხის წელია და სწორედ მისი მფარველობის ქვეშ ჩაივლის. ასტროლოგები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ როგორ შევხვდეთ ახალ 2020 წელს ისე, რომ მეტალის ვირთხის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ.

დამდეგი ახალი წლის ღირსეულად დასახვედრად საჭიროა სახლის წინასწარ დალაგება და უსარგებლო ნივთების, მათ შორის, ძველი ტანსაცმლის, დამტვრეული ავეჯისა და გაბზარული ჭურჭლის გადაყრა. ამასთან, ნუ დაივიწყებთ, რომ ვირთხა ფრთხილი ცხოველია და უყვარს დაგროვება. ამიტომ გადასაყრელი ნივთები სიფრთხილით შეარჩიეთ.

თეთრ ვირთხას უყვარს ნათელი ფერები და ყველაფერი, რაც ბრწყინავს. აქედან გამომდინარე, გირჩევთ, ნაძვის ხის კაშკაშა სათამაშოებს თეთრი ბაფთები და ხელოვნური თოვლიც დაამატოთ. ოთახები მორთეთ თეთრი სანთლებით, ფიფქებით, ვერცხლისფერი და ოქროსფერი გირლანდებით, ვირთხის ფიგურებით და ა.შ.

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს

ახალი წლის შესახვედრად სამოსის შერჩევა არც ისე ადვილია. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ვირთხის ახალ წელიწადთან შეხვედრისთვის ელეგანტური და მოზომილი ტანსაცმელი შევარჩიოთ. 2020 წლის მფარველს ასიამოვნებთ, თუ ჩაიცვამთ თეთრ, ჩალისფერ, კრემისფერ და სხვა ნაზი ფერის სამოსს, ასევე, ვერცხლისფერს, ნაცრისფერს, შავს მბზინავი დეტალებით. დასრულებული იმიჯისთვის, შეგიძლიათ მეტალის აქსესუარებისა და მოსართავების გამოყენებაც.

ახალი წლის ღამეს გამორიცხეთ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელთა გამოსახულებიანი ტანსაცმელი. ცუდის ნიშანია ნაძვის ხეზე ლეოპარდების, ვეფხვებისა თუ კატების ფიგურების დაკიდებაც, რადგან ამან შეიძლება 2020 წლის მფარველი თეთრი ვირთხა დააფრთხოს და გაანაწყენოს.

ახალი წლის მენიუ

2020 წლის მფარველს უყვარს ჭამა, ამიტომ, ვირთხის წელს მენიუ მრავალფეროვანი უნდა იყოს და საზეიმო სუფრაზე ეკონომიის გაწევა არ ღირს. მენიუსთან დაკავშირებით შეზღუდულები არ არის, შეიძლება ყველანაირი კერძის მომზადება - ხორცის, ყველის კერძები, სალათები, ტკბილეული, სასუსნავი, თხილი თუ სხვა. უპირატესობა მსუბუქ ღვინოს, შამპანურს, კოქტეილებს მიანიჭეთ და ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდეთ.

ახალი წლის შეხვედრა კარგია ოჯახურ წრეში, თუმცა, ლიბერალური ვირთხა გიტოვებთ არჩევანის თავისუფლებას - სად და ვისთან ერთად შეხვდეთ ახალ წელს. მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ვირთხა ვერ იტანს ქარაფშუტობას და უსაფუძვლო ფლანგვას.

როგორ მოვიზიდოთ ბარაქა 2020 წელს

ვირთხის წელიწადში ოჯახი ფულის გადინებისგან რომ დაიცვათ, ახალი წლის ღამემდე უნდა გაკეროთ ყველა გარღვეული ჯიბე, ხელთათმანი, წინდა და ა.შ.

აუცილებლად განათავსეთ ლითონის ვირთხის ფიგურა სადღესასწაულო სუფრის ცენტრში, ეს ნიშნავს, რომ ოჯახს მთელი წელი ბარაქა არ მოაკლდება. ამასთან, კარგი იქნება ნაძვის ხეზე კანფეტების, თხილის, მონეტებისა და ბანკნოტების შებმა.

ბარაქის მოსაზიდად კი, ერთი შამპანურის ბოკალში ვერცხლის მონეტა მოათავსეთ და ისე მიირთვით სასმელი, შემდეგ კი, მონეტა საფულეში ჩადეთ და მთელი წელი შეინახეთ.

სახლი რომ უბედურებისა და სიღარიბისგან დაიცვათ, კარის ზღურბლსა და ფანჯრის რაფებზე მარილი უნდა დაყაროთ.

რაც მთავარია, გამორიცხეთ ქეიფის შემდეგ ცარიელი სუფრის დატოვება, მაგიდაზე აუცილებლად დატოვეთ ტკბილეული და ხილი.

კვირის ამბები