საზოგადოება
22.06.2026 13:28
2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შესაძლებელია - რა უნდა გაითვალისწინონ გამოსაცდელებმა
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან, 22 ივნისიდან შეუძლიათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ბარათზე მოცემულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

რაც შეეხება ბარათის ამობეჭდვას, გამოსაცდელი ვებგვერდზე online. naec. ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ რვანიშნა კოდს და შედის იმ გვერდზე, რომელზეც რეგისტრაცია გაიარა.

„გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქების და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა კი გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელის საგამოცდო ბარათზე მითითებულია შესაბამისი ინფორმაცია, აუცილებელია მან წარადგინოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი) 11 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის ქუჩა №9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეუძლებელი იქნება.

მოუწოდებთ მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ მონაცემებს და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შგახსენებთ, გამოცდებზე დასაშვებად, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო ბარათის წარდგენა აუცილებელია.
კვირის ამბები