საზოგადოება
23.06.2026 15:56
„დაიცავი ტყეში ქცევის წესები“ - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„დაიცავი ტყეში ქცევის წესები“ - კამპანიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ზაფხულის სეზონზე ხანძრის რისკებთან დაკავშირებით, მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დადგენილ აკრძალვებს დაემორჩილონ.

„სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება ტყეში უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაწესებულ სანქციებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კი კანონი ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კვირის ამბები