საზოგადოება
24.06.2026 17:41
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს რამაზ თათარაშვილი უხელმძღვანელებს
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი დეპარტამენტის თანამშრომლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პირველ მოადგილესთან - რონი მესხთან ერთად, სამუშაო თათბირზე წარუდგინა და პოლიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციაც მოისმინა.

რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ცნობისთვის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რამაზ თათარაშვილმა სერგი ბზიშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.
კვირის ამბები