საზოგადოება
25.06.2026 11:19
რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ, როდის არის ატესტატის წარდგენა სავალდებულო
რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ, როდის არის ატესტატის წარდგენა სავალდებულო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს მათთვის საჭირო ინფორმაციას კიდევ ერთხელ შეახსენებს.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია აღნიშნული, საგამოცდო ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი ხელახლა ამობეჭდვა სარეგისტრაციო გვერდიდან - online. naec. ge მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელი.

„საგამოცდო ბარათზე მითითებულია გამოცდის თარიღი, ადგილი და რეგისტრაციის დრო; პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა; ბარათის გადაკეცვა დასაშვებია ისე, რომ არ დაზიანდეს შტრიხკოდი.

ყურადღებით გადაამოწმეთ მასზე მითითებული მონაცემები - დაგვიანების ან არასწორ დღეს გამოცხადების შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ატესტატის წარდგენას, ატესტატის წარდგენა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა საგამოცდო ბარათზეა მითითებული. ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის წარდგენის ბოლო ვადა 11 აგვისტოს 18:00 საათია.

ატესტატის წარდგენა შესაძლებელია მისამართზე: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9, ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
კვირის ამბები