
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპს იწყებს.
როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 26-დან 29 ივნისის ჩათვლით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე - vet. ge - საბოლოო არჩევანი უნდა დაადასტურონ.
„აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, საბოლოო არჩევანი მხოლოდ იმ ერთ პროგრამაზე უნდა გააკეთონ, რომელზეც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ.
ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტები პლატფორმაზე, ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ სიაში დაკავებული ადგილის შესახებ.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოუწოდებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ ყველა აპლიკანტს, დროულად გაეცნონ საკუთარ რეიტინგულ ქულას და რეიტინგულ სიაში დაკავებულ პოზიციას პლატფორმაზე - vet. ge და დადგენილ ვადაში დაადასტურონ საბოლოო არჩევანი.
აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აპლიკანტი შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას დაკარგავს“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 2200 220 (ელფოსტა: info@ emis. ge).