საზოგადოება
25.06.2026 16:00
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები იცვლება - რას ითვალისწინებს სიახლე

პარლამენტმა მესამე მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის სისტემა და სანქციები იცვლება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებებით:

15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა, ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს, 300 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმებას.

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

გარდა ამისა, ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.

კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა - 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა, ხოლო თბილისის საზღვრებში - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა - დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში სიახლეა ისიც, რომ ღამის საათებში - 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, სადისტრიბუციო მანქანებს BUS LANE-ში დადგომის და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნება, ხოლო წესები და პირობები, რასაც სადისტრიბუციო მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს, შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

კანონპროექტი დეპუტატებმა 80-ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

კვირის ამბები