
26 ივნისი ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
1987 წელს, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა, ყოველი წლის 26 ივნისს მთელ მსოფლიოში ნარკომანიასა და ნარკობიზნესთან ბრძოლის დღე დაწესებულიყო, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა რამდენად სახიფათო გახდებოდა ეს სენი ჩვენი პლანეტისთვის. მართალია, გაეროს ინიციატივას ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, თუმცა, ნარკომანიის მსოფლიო დღის აღნიშვნა უფრო აქტიურად მხოლოდ გასული საუკუნის მიწურულს გახდა საჭირო, რომლის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს: ნარკოტიკების მოხმარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, უარყოფით გავლენას ახდენს ურთიერთობებზე, ხელს უშლის სრულფასოვანი განათლების მიღებასა და დასაქმებას.
1912 წელს, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ ნარკოტიკების წარმოება-გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო სფეროში იყო დასაშვები.
1988 წელს მიღებულ გაეროს დეკლარაციაში კი ხაზგასმით ჩაიწერა: „ნარკოტიკები ახალგაზრდების განვითარებას და მათ თავისუფლებას ზღუდავს“; „ნარკოტიკები სახიფათოა ცალკეული ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის“.