სოფლის განვითარების სააგენტო 2026 წლის 1-ელი ივლისიდან „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” განხორციელებას იწყებს.
სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების მოწყობა, მეცხოველეობის, მეფრინველეობის ფერმების შექმნა და განვითარება დაფინანსდება.
პროგრამა მეფუტკრეობის ხელშეწყობას, აკვაკულტურის და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, ფერმერებს და მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებით, შეღავათიანი აგროკრედიტით და სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტის, სასაკლაოების მოწყობის ან მოდერნიზაციის მხარდაჭერის მექანიზმებით ისარგებლონ.
„აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მომზადებული ახალი პროგრამა მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმია, რომელიც მოიცავს როგორც პირველადი წარმოების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვის და გადამუშავების მიმართულებებს.
სახელმწიფო პროგრამის მიზანია აგროსექტორში თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წარმოების ზრდას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით, 1-ელი ივლისიდან სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების და პროექტების ფარგლებში განაცხადების მიღება შეჩერდება და აღნიშნული პერიოდიდან ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სოფლის განვითარების სააგენტოს მხოლოდ შემდეგი პროგრამები: „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“, „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“, „აგროდაზღვევის პროგრამა“, „ტექნიკური დახმარების პროგრამა“, „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“, „ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა“ და „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“.