საზოგადოება
01.07.2026 11:55
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დღეიდან ამოქმედდა
სოფლის განვითარების სააგენტომ დღეიდან, 1-ელი ივლისიდან „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” განხორციელება დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების მოწყობა, მეცხოველეობის, მეფრინველეობის ფერმების შექმნა და განვითარება დაფინანსდება.

პროგრამა მეფუტკრეობის ხელშეწყობას, აკვაკულტურის და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, ფერმერებს და მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებით, შეღავათიანი აგროკრედიტით და სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტის, სასაკლაოების მოწყობის ან მოდერნიზაციის მხარდაჭერის მექანიზმებით ისარგებლონ.

სახელმწიფო თანადაფინანსება პროექტის ღირებულების 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო თითო პროექტზე მაქსიმალური დაფინანსება 2 მილიონ ლარს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, მაღალმთიან დასახლებებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელებული პროექტებისთვის თანადაფინანსების ოდენობა 55%-ია.

„აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მომზადებული ახალი პროგრამა მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმია, რომელიც მოიცავს როგორც პირველადი წარმოების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვის და გადამუშავების მიმართულებებს.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია აგროსექტორში თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წარმოების ზრდას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები