უკვე მეორე კვირაა, ევროპის არაერთ ქვეყანაში ჰაერის ძალზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რაც უამრავ პრობლემას იწვევს, მათ შორის, მაღალი სიცხის გამო არის მსხვერპლიც.
გასული დღეების განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსის ფარგლებში მერყეობდა საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.
CNN-ის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთში, ძლიერი სიცხის გამო, ათასობით სკოლა დაიხურა, ტურისტულმა ღირსშესანიშნაობებმა კი, მათ შორის ეიფელის კოშკმა, სამუშაო საათები შეზღუდა, შეფერხებებია ევროპის რკინიგზაზეც.
ამასთან, საფრანგეთში, 6 000 სკოლა დაიხურა ან ადაპტირდა. ასობით სკოლა დაიხურა გაერთიანებულ სამეფოშიც, ნიდერლანდებში კი ბევრი სკოლა „ტროპიკულ გრაფიკზე“ გადავიდა - სასწავლო დღეების რაოდენობა და საგაკვეთილო პროცესის დრო შეამცირა.
ეიფელის კოშკი კი, რომელიც პიკის სეზონზე ჩვეულებრივ ღამის 12:45 საათამდე ღიაა, სამშაბათს და ოთხშაბათს 16:00 საათზე დაიხურება. ცვლილება შეეხო ლუვრის მუზეუმსაც და ოთხშაბათიდან შაბათამდე ორი საათით ადრე დაიხურება.
რაც შეეხება სინოპტიკოსების პროგნოზს, რეკორდულ სიცხეებს ელოდებიან ესპანეთსა და გერმანიაშიც, თუმცა, ყველაზე მაღალ ტემპერატურას საფრანგეთში პროგნოზირებენ.
ამჟამად არსებული პროგნოზით, საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა ჩვეულებრივად არსებულთან შედარებით 15 ცელსიუსით მეტი იქნება.