საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში რობოკლუბი გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლის ეზოში წარმოდგენილი იყო LEGO რობოტექნიკის სასწავლო კომპლექტები, რომლითაც მოზარდები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, რობოკლუბები როგორც გორში, ასევე მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში ეტაპობრივად გაიხსნება. რაც შეეხება ინიციატივის მიზანს, რეგიონებში STEM განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებში ტექნოლოგიური, საინჟინრო უნარების განვითარება და ინოვაციური აზროვნების წახალისებაა.
რობოკლუბის გახსნის საზეიმო ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, რწმუნებულის და მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, ორგანიზაცია SICPA-ს წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
„LEGO რობოტექნიკის სასწავლო კომპლექტები გორის მუნიციპალიტეტის მერიას ორგანიზაცია SICPA-მ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გადასცა. სასწავლო კურსს ა(ა)იპ „საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტი“ განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, მოზარდები LEGO რობოტექნიკას და პროგრამირების საფუძვლებს სეისწავლიან, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს განივითარებენ“, - აცხადებენ გორის მერიაში.